RSS
 

...........

03 იან 2016
01.01.2016
როგორ გავატარე? ვგლიჯე ორი ჭიქა ჭაჭა მარტოკამ -
მიშტერებულმა პირველი ცოლის ნამზითვ სარკეს და: ო, საოცრებავ!
-ამომირეკლა- ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი გათართალებულ
დედის საშოდან ამოვსხლტი როცა, თითქმის უბიწო და უცოდველი რომ შემომაგდეს
მღვრიე ნაკადში უცნაურ ყოფის: უწყინარ არსთა სულშენაბერი ნაზავი ალბათ
ანგელოზის და ქვეწარმავალის. და ვინანიებ და ვილოცები გულში ჩურჩულით წმიდნათაწმინდა
მდუმარებისა: ბაბუაწვერა, ხანაც ჩიტი და ცისარტყელის ნაგლეჯი რაღაც.
ეგ არის და ეგ, სხვა მოსახდენზე ვერაფერს ვიტყვი, რომ არ აგიხდეს;
ვაშინერს თანაც. არ მინდა არა, განა არ ვიცი, შენ კი არადა იმ ნამარხულევ
რიყის ქვასაც კი აღარასოდეს ვყვარებივარ და, მეტს ვეღარ დავწერ -
ბნელ პაუზებში ნაგულისხმევ და გამოტოვებულს, თუ კი დამაცლი ორსულს - სიჩუმის
იდუმალ შრიალს... სული მოვითქვა და ვხეთქო თავი გარინდულ კედელს - ორეულს,
ჩემსას... მალე, სულ მალე გპირდები, ვფიცავ: აბსოლუტურად უპოეზიო
ქვეყნის ფსკერიდან მოგაწვდი ხმას და გიკარნახებ... შენ კი შეავსებ
იმ ცოდვა-მადლით დაურწყულებელ სულის მათარას. ჩჩჩშ, ხომ გრძნობ, ხომ გესმის?
მკვდრები მღერიან. ხოლო ცოცხლები აქა-იქ მაინც /აღარ დაადგა ჯერაც საშველი/,
გაუსაძლისად იტანჯებიან. გოდო კი არ ჩანს.
გკოცნი, გეხვევი, მანამდე, სანამ აემ უთეთრეს თოვლის ბაბუას
არ აუდგება შენზე და: ამინ. ოსანა. ჰალელუია.

ზაურ გერგედავა

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 435-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar