RSS
 

აკაკი წერეთელი / გაზაფხულის მაყრები

17 მარ 2016
მიიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოელია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!
კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაიღო სუყველა!”..
მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენიერია!..
იმისი ტანისამოსი
უცხო და მრავალფერია!
წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით საამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.
მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდეა
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.
ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაუწყებს ძგერასა
და საიდუმლო სიმებით
იწყებს ბუნება ჟღერასა.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 434-ჯერ

 
avatar