RSS
 

აკაკი წერეთელი / მუშური

15 ოქტ 2016
​ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;

დილის ნიავმა დაგქროლა,
ალერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ალერსით აგამწვანაო.

ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო.

გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაუზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო!

ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...

ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 540-ჯერ

 
avatar