RSS
 

ბექა ბაიაშვილი / წამოდი, გრძნობის სახლს გავუხსნათ სარკმლები...

06 თებ 2016
წამოდი, გრძნობის სახლს გავუხსნათ სარკმლები,
სულისფერ სიყვარულს შევექმნათ დარაჯად,
შენთვის ვიწვიმებ და გავნიავქარდები,
მევე მოგეხვევი საწვიმარ ფარაჯად.
წამოდი შავ ნისლის ფარდები გავწიოთ,
გულისმთქმელ მზის სხივებს სულამდე გზა ვუხსნათ,
მინდა, რომ გრძნობები სტროფებში ჩავტიო,
ჯერ უთქმელ სიტყვებს რომ ხელ-ფეხი გავუხსნა.
ხომ იცი... სიყვარულს არა აქვს საზღვრები...
ვერაფრით ვერავინ ვერაფერს დააკლებს,
ამ გრძნობას ისეთი ჰქონია ძალები
ცოდვილსაც უმანკოს ტანსაცმელს ჩააცმევს.
გულს აუფრიალებს ყველაზე გულქვასაც,
დაგტოვებს უძილოდ სიზმრის პირს ფიქრებთან,
სახეს აგიწითლებს, შეგიკრავს სუნთქვასაც,
ეს არის სიგიჟე - მცხოვრები სიბრძნესთან.
წამოდი გავექცეთ სევდისფერ საფიქრალს,
მთაში მდგარ გრძნობის სახლს გავუხსნათ სარკმლები,
ღიმილად გაგიხდი აქამდე სატირალს,
შენთვის ვილექსებ და გავნიავქარდები!..
~ბ.ბ~

დამატებულია beqabai-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 666-ჯერ

 
avatar