RSS
 

გიორგი საჯაია / მთვარე - ძაღლიშვილი

14 თებ 2016
მთვარე -- ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ -- პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ -- გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ -- ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე -- თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე -- ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: გიორგი საჯაია | ნანახია 655-ჯერ

 
avatar