RSS
 

კრიალოსანი

25 იან 2016
შუახევის ერთ სოფელში, დაბადებიდან ბრმა, მოხუცი ქალბატონი ვნახე, ხელში აბრეშუმის ძაფზე ასხმული, ხისგან გამოთლილი ქართული ანბანისაგან შედგენილი კრიალოსანი ეჭირა და მარცვლავდა. - "მრავალი წელია ვეფერები ამათ და ძალას მაძლევსო!"

შენი სული ერთვის
თამარსა და საბას,
გვისახსოვრებ ჩვენთვის
საარაკო ამბავს.

ყოვლად ღვთაებრივის
რა სურვილმა შობა,
ანბანური მწკრივის
მაგ თითებთან ბჭობა.

სიმბოლიკურ გამმით
გადიყარე ბინდი,
იმ ბედნიერ წამით
ხეში როცა სჭრიდი,

სალაღობო სვეტად,
სულის დასაწინდად,
სიყვარულზე მეტად,
ოცნებაზე წმინდად,

ანბანს, ქართულ ანბანს,
- აზროვნების აკვანს,
შენი ტრფობის საგანს
შემოვწირავ თაყვანს.

ეფერები ასე,
ვით მშვენიერ სოსანს,
აბრეშუმის ძაფზე
ასხმულ კრიალოსანს.

შენ, ყველაფერს ხედავ
მისტერიულ მზეთი,
წაგვიკითხე დედავ
ივერიის ბედი!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი სურმანიძე | ნანახია 652-ჯერ

 
avatar